English / ქართული / русский /
ვასილ ხიზანიშვილი
ომის შემდგომი იტალიის რეკონსტრუქციის პერიოდი (1945-55 წწ.) საგარეო პოლიტიკის პრიზმაში

ანოტაცია. ომისშემდგომი იტალია აღმოჩნდა უაღრესად რთული შიდა და გარე  სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე, რომელთა წარმატებით გადაწყვეტას უნდა უზრუნველეყო ქვეყნის შთამბეჭდავი შედეგები ახლო მომავალში.  

საკვანძო სიტყვები:რეკონსტრუქცია, აშშ-ის დახმარება(,,მარშალის გეგმა“), ევროპული ინტეგრაცია, იტალიის ეკონომიკური სასწაული.

შესავალი 

ე.წ. La Ricostruzione (რეკონსტრუქცია) წარმოადგენს იტალიის ისტორიის მონაკვეთს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და იტალიის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებიდან (27.12.1947)  50-იანი წლების ბოლომდე, რაც წინ უსწრებდა 60-70-იანი წლების იტალიის ეკონომიკურ სასწაულს (il miracolo economico italiano). შესაბამისად, ის განეკუთვნება იტალიის პირველი რესპუბლიკის არსებობის (La Prima Repubblica Italiana 1948-1994) პერიოდს. ეს დრო (ე.ი. რეკონსტრუქციის ხანა) აღინიშნება, როგორც ომის დროს დაკარგული ნივთების (არტეფაქტების) რეკონსტრუქციისთვის შესრულებული სამოქალაქო და სამრეწველო სამუშაოებით, ისე, ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ე.წ. ,,მარშალის გეგმის“ (ინგლ. Marshall-Plan) ფინანსური მხარდაჭერით, ხოლო, მეორე მხრივ, იტალიაში სამრეწველო პოლიტიკის სფეროში ხელშეწყობის მიზნით, ,,ინდუსტრიული რეკონსტრუქციის ინსტიტუტის“ (იტალ. IRI) საქმიანობით [1][2]. ,,რეკონსტრუქციის“ უდიდეს პოლიტიკურ სიმბოლოდ მიჩნეულია ალსიდე დე გასპერი (Alcide De Gasperi), რომელიც, იმ წლებში რამდენჯერმე იყო იტალიის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე (Il Presidente del Consiglio dei ministri della Repubblica Italiana) [3]. 

***

იტალია, რომელმაც ამოწურა პროტექციონიზმისა და ფაშისტურ-ავტარკიული იზოლაციონიზმის გამოცდილება, რა დროსაც სახელმწიფო ინტერვენციების წონა ძლიერ საგრძნობი იყო საკრედიტო ინსტიტუტებსა და ინდუსტრიის მართვაში, ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროებდა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანს [4].

ომის შემდეგ ქვეყანა აღმოჩნდა იმგვარი ეკონომიკური და სტრუქტურული მდგომარეობის წინაშე, რომელიც მოითხოვდა გადაუდებელ გადაწყვეტას. სწრაფად იყო მოსაგვარებელი ინდუსტრიული წარმოების ობიექტების აღდგენა; აგრეთვე, - ომით გამოწვეული ინფლაცია, ანგარიშსწორებათა სისტემის საგადამხდელო ოპერაციების (payment transactions) სუსტი მხარეები, დეფიციტი და ვალუტის სიმცირე. ყოველივე ამას, თან ერთვოდა უმუშევრობის პრობლემაც. ამ უკანასკნელმა გააჩინა ომის შედეგად დაზარალებული სოფლის მეურნეობის სექტორის აღორძინების აუცილებლობა (Ibidem, p. 324.). ტრანსპორტის არაეფექტურობა და ელექტროენერგიის არასაკმარისი წარმოება, ითხოვდა გადაუდებელ გადაწყვეტას გრძელვადიან პერსპექტივაში [5].

უიმედო (და საშიში) ეკონომიკური პერსპექტივის მქონე ქვეყანაში, მთავრობის ძალებს ესმოდათ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები და პრიორიტეტები, რომელიც ამერიკული დახმარების დაპირებებით იყო წახალისებული, საჭიროებდა გადამწყვეტ და აქტიურ ზომებს, რათა უზრუნველყოფილიყო ყველაფრის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობდა დასაქმების ზრდას, და (პირველ რიგში) გამოყენებული იქნებოდა ჩრდილოეთის ინდუსტრიული დარგის აღსადგენად და მისი ადაპტაციისთვის ახალი ბაზრების საჭიროებებთან.

რეკონსტრუქციის პრობლემამ მყისიერად იჩინა თავი [6]. იტალიის ხელისუფლების ფაქტობრივი ავტონომიის გარიჟრაჟზე, რასაც ადგილი ჰქონდა 1944 წლის აგვისტოდან, აშშ-მა ქვეყანას გამოუყო მნიშვნელოვანი დახმარების თანხა დოლარებში, რაც უნდა გამოყენებულიყო წარმოების რეკონსტრუქციისა და ინდუსტრიული სექტორის რეაქტივაციისთვის საჭირო ნედლეულისა და მასალების შესასყიდად [7]. ამასთან დაკავშირებით მომზადდა ერთიანი ანგარიში  კატასტროფულად დაქვეითებული სამრეწველო დარგის,  არსებული არაეფექტური სისიტემისა და პარალიზებული სატრანსპორტო საშუალებების, უკმარი ელექტროენერგიის, ნედლეულის დეფიციტის, ფასების მონეტარული უწესრიგობის საკითხებზე. შემუშავდა გადაუდებელი პირველადი დახმარების გეგმა და ნედლეულთან დაკავშირებული სექტორული (დარგობრივი) გეგმები, რაც ითვალისწინებდა ნახევარფაბრიკატების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვანახშირის მიწოდებას, ჩრდილოეთის მრეწველობის სწრაფი გამოცოცხლებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფის მიზნით (Ibidem, p.96).

1945 წლის 21 ივნისს, მოკავშირეთა ოფიციალური წარმომადგენლები ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდნენ ომის შემდგომი იტალიის მთავრობის შექმნას. იგი შედგებოდა ჩრდილოეთ იტალიის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის (CLNAI) გამოჩენილი წევრებისგან, მათ შორის იყო პრემიერ მინისტრი ფერუჩო პარი (Ferruccio Parri), წინააღმდეგობის გმირი და მოქმედების პარტიის (Il Partito d'Azione (PdA)) ლიდერი. მინისტრთა კაბინეტში საკვანძო პოსტებს იკავებდნენ კომუნისტები და სოციალისტები, და პარის პოლიტიკური შესაძლებლობები, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვეველი იყო. არ მუშაობდნენ ჩრდილოეთის ქარხნები და სამხრეთიდან წამოსული ინფლაციური ძალები, ახლად განთავისუფლებულ მხარეებში შეჭრით იმუქრებოდნენ. პარი წარმოადგენდა კომპრომისს, მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და მას არ გააჩნდა პოლიტიკური ბაზა და პირადი დინამიზმი, რითაც შეძლებდა საკუთარი ნების თავს მოხვევას ისეთ პოლიტიკურ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ ნენი (Nenni), ტოლიატი (Togliatti) და დე გასპერი (De Gasperi). მთელი მისი თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ეკონომიკური პრობლემები მძიმე წყლულად აჩნდა ქვეყანას და თავად პარი გახდა ამ ყველაფრის უსუსური მოწმე და მნახველი, რადგან, ომისდროინდელი ერთობა პარტიზანულ მტრობა-ქიშპობაში გადაიზარდა და დეგრადირდა (მდგომარეობა რჩებოდა კვლავ დაძაბული და ფეთქებადი. შეიარაღებული პარტიზანები დათარეშობდნენ ქვეყნის პერიფერიებში და ანგარიშს უსწორებდნენ ფაშისტებსა და პირად მტრებს).

ამას ერთვოდა ისიც, რომ შეერთებული შტატები აქტიურ როლს არ თამაშობდა, ომის შემდგომი აღდგენის საწყის ეტაპზე იტალიაში [8].

1945 წლის დეკემბრიდან 1946 წლის მარტამდე არსებული მოკლე პერიოდი მოწმე გახდა წყება ინიციატივებისა, რომელმაც, ერთად მოიტანა ახალი ეტაპი ომისშემდგომი დროის იტალიურ-ამერიკულ ურთიერთობებში, რაც აღინიშნა ალსიდე დე გასპერისა და აშშ-ს შორის კოლაბორაციის დასაწყისით. მისი აღმოცენების მომენტში, ეს ურთიერთობა უფრო მეტად მიზანშეწონილობისა და ურთიერთდამოკიდებულების მოვალეობა იყო, ვიდრე ღრმად (ურთიერთ)გაზიარებული რწმენები, ან (ურთიერთ) ნდობა. ამერიკელი ოფიციალური პირები აღფრთოვანებული დარჩნენ ახალი მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) კომპეტენციებით ფინანსურ, კომერციულ და პოლიტიკურ პრობლემებთან დამოკიდებულებაში. იტალიის მთავრობა აგრეთვე ინიცირებდა აშშ-სთვის საინტერესო სხვადასხვა თემებს, მათ შორის ფაშისტური სამრეწველო სექტორის ბედთან დაკავშირებულ და აშშ-ს მსხვილი კორპორაციების მიერ გადაუწყვეტელი საინვესტიციო პროექტების საკითხებს. თავად დე გასპერი, თავის წინამორბედზე უკეთ იყო მომზადებული იმ პარტიათაშორისი კონფლიქტების  მოსაგვარებლად, რამაც გააწამა წინა კოალიცია.

რომში, საელჩოს დახმარებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა იტალიის ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებთან. ამავე პერიოდში ასევე გაჩნდა გაეროს მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ადმინისტრაციის (UNRRA) დახმარების მთავარი პროგრამა, რაც ზოგიერთისთვის, აშშ-ს მიერ ინსპირირებული რეფორმიზმის უკანასკნელ იმედად იქნა მიჩნეული.

 1946 წლის პირველ თვეებში, თუმცა მოკლე დროით, ფრთხილი ოპტიმიზმის ახალ ატმოსფეროში, ამერიკის მთავრობაში თანდათანობით მიყუჩდა და გაქრა კონფლიქტები.       

პარის გადადგომამ, გარკვეულწილად, ასევე შეასუსტა პოლიტიკური დაძაბულობა  და პარტიებმა ყურადღება გადაიტანეს მომავალ ადგილობრივ და ეროვნულ არჩევნებზე. ისინი, აგრეთვე, განაგრძობდნენ უპირატესობის მინიჭებას, ეკონომიკური პოლიტიკის მკაფიო გადაწყვეტილებების მანევრებსა და კომპრომისებზე. ეს შიდა გამოუვალი მდგომარეობა გრძელდებოდა თვეების განმავლობაში (Ibidem, pp. 58-75).

ისტორიკოსი ჯონ ლუის გადისი (John Lewis Gaddis) ამტკიცებდა, რომ „... 1946 წლის თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში, გარე და შიდა ტენდენციების კონვერგენციამ გამოიწვია შეერთებული შტატების პოლიტიკის ფუნდამენტური რეორიენტაცია საბჭოთა კავშირის მიმართ“. ამგვარად, ეს ხანმოკლე პერიოდი ამერიკის პოლიტიკაში აღინიშნა შემობრუნების წერტილად, შესაბამისი კომპრომისის მიღწევის იმედების დასასრულად, ომისდროინდელ მოკავშირეთა შორის. გადისი წარმოადგენს შთამბეჭდავ მტკიცებულებებს. 1945 წლის დეკემბერში, მოსკოვში, ბირნესის (James Francis Byrnes) შემრიგებლური მიდგომის შემდეგ, სახელმწიფო მდივანი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს თეთრი სახლის შტაბის უფროსმა, ადმირალმა უილიამ ლეისმა (William Leahy) და რესპუბლიკელთა ლიდერმა, არტურ ვანდენბერგმა (Arthur Vandenberg). პრეზიდენტმა საყვედური გამოუცხადა ბირნესს, ხოლო სახელმწიფო მდივნის შემდგომი განცხადებები, სსრკ-ის  წინააღმდეგ ახალი პოლიტიკის წარმოების ტენდენციებზე მიანიშნებდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული აზრის გამოკითხვამ აჩვენა, მზარდი უნდობლობა რუსეთის (სსრკ) მიმართ, ხოლო კრიზისმა ირანში და საბჭოთა ჯაშუშურმა სკანდალმა კანადაში, გააძლიერა ანტისკომუნისტური კონსენსუსის განვითარება (Ibidem, pp. 76-87).

ადრეული ომისშემდგომი პერიოდისგან განსხვავებით, როცა ამერიკის საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლებს სრული რღვევა ემუქრებოდა, 1946 წლის ნოემბრის არჩევნები იტალიასა და შეერთებულ შტატებში, აღინიშნა ტენდენციების დაახლოებით. 

საშინაო პოლიტიკურმა უკმაყოფილებამ იფეთქა 1946 წლის 5 ნოემბერს, რამაც რესპუბლიკურ პარტიას (the Republican Party) აშშ-ში (საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილების შედეგად) უდიდესი გამარჯვება მოუტანა. ეკონომიკურმა სიძნელეებმა და პოლიტიკურმა პარალიზმა, იმავე წლის 10 ნოემბერს იტალიაში, მემამრჯვენე და მემარცხენე ფრთის ძალთა მხრიდან, გამოიწვია ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (La Democrazia Cristiana(DC)) დრამატული მარცხი. არჩევნებმა დე გასპერი უფრო დაუცველი დატოვა, ვიდრე ოდესმე, რასაც თან ერთვოდა ის გარემოება, რომ შეერთებულ შტატებში თანმხლებმა, იმავდროულმა პოლიტიკურმა ცვლილებამ, ეჭვი აღძრა იტალიისთვის და სხვა უცხო ქვეყნებისათვის UNRRA-ს შემდგომი დახმარების (post-UNRRA aid) შეუძლებლობის შესახებ. მართლაც, ვაშინგტონში, რესპუბლიკური კონგრესის გამოჩენამ, სერიოზული გამოწვევა შვა ჰალიანის ინიციატივებთან (the Hullian initiatives) დაკავშირებით, რომელსაც ატლანტიკური ქარტიის დღეებიდან (the Atlantic Charter) აჟღერებდნენ (და, შესაბამისად, ერთგულებდნენ კიდეც) დემოკრატების ადმინისტრაციები.

ამგვარად, ნოემბრის არჩევნებსა და მეოთხმოცე მოწვევის კონგრესს შორის დროის მონაკვეთი, იყო ღრმა გაურკვევლობის პერიოდი. ყველა მხრიდან ზეწოლა დე გასპერის ემუქრებოდა დამხობით და ზრდიდა საერთო პოლიტიკური ქაოსის გამოწვევის შესაძლებობას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ვერ შეძლო რეაგირება დე გასპერის სასწრაფო დახმარების მოწოდებაზე, მისმა სავალალო მდგომარეობამ ხელი შეუწყო მზარდ კონსენსუსს დეპარტამენტში, რაც ეფუძნებოდა ,,ევროპულ საქმეთა სამმართველოს“ (ინგლ. EUR) და ჰენრი ტასკას (Henry Tasca) დიდი ხნის მოსაზრებას, რომ კომუნისტური სუბვერსია წარმოადგენდა ეკონომიკური აღორძინების მთავარ საფრთხეს. პირველად, EUR- ის პროფესიონალები (EUR professionals) და ჰალიანის ეკონომისტები (Hullian economists) შეუერთდნენ საერთო გამოხმაურებას იტალიის კრიზისზე (Ibidem, pp. 105-117).

ამერიკის საგარეო პოლიტიკა ევროპასათან მიმართებაში, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა 1947 წლის დასაწყისში. მარტში, მოსკოვში, გერმანიის ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინსტრების საბჭო. აპრილში, ჟენევაში, ტარიფებთან (სატარიფო პოლიტიკასთან) დაკავშირებულმა გასამართმა კონფერენციამ უნდა განსაზღვროს მომავალი საერთაშორისო სავაჭრო წესრიგი. იმავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს აღმოფხვრას ხარვეზის მქონე საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი (the gaping balance-of-payments deficits) დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და იტალისათან. ამ შეშფოთების ფონზე, ინგლისელები იუწყებინ, უახლოეს ხანში, მათი მოსალოდნელი გასვლის თაობაზე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთიდან.

ვაშინგტონის ოფიციალური პირები ასევე გადააწყდნენ პრობლემას სახლშიც, ვინაიდან კაპიტოლიუმში (კონგრესში) მხარდაჭერის გარეშე, ტრუმენის ადმინისტრაცია მცირედის იმედად რჩებოდა საკუთარი ევროპული პოზიციის გადასაჩენად. ამდენად, დიდი ბრიტანეთის განცხადება იყო, როგორც ახალი შეშფოთების გაჩენის საბაბი, ისე შესაძლებლობით სარგებლობა.

ცნობილი თხუთმეტი კვირის განმავლობაში, რამაც კულმინაციას ჰარვარდში წარმოთქმული მარშალის სიტყვით (იხ. ვ.ხ. << ,,მარშალის გეგმა“ და მისი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები აშშ-დასავლეთ ევროპისთვის >>, ჟურნ. ,,ახალი ეკონომისტი“, N3, 2020, გვ.36-37) მიაღწია, მთავრობამ დაიწყო სისტემური კამპანიის წარმართვა, ევროპისთვის დამატებითი დახმარების მიღების თაობაზე. იმავე ხანებში, ბიუროკრატიის მაღალ წრეებში გაჩნდა გარკვეული მონახაზები, რაც შემდეგში, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით გვიან, ის იქცა ევროპის ეკონომიკური აღდგენის გეგმად (ERP.  July, 1947).

ალსიდე დე გასპერი თვალყურს ადევნებდა ამ მოვლენებს. აშკარა იყო, რომ ვაშინგტონში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ამ ცვლილებების ფორმა და მათი შესაძლო შედეგები ბუნდოვანი ჩანდა. 1947 წლის აპრილის ბოლოს, დე გასპერი იძულებული გახდა თვალი გაესწორებინა მძვინვარე პოლიტიკური შტორმისთვის (Ibidem, pp. 118-136).

ოკუპაციისა და ადრეული ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში, ამერიკის მცდელობებს, ხელი შეეწყო და წარემართა იტალიის ეკონომიკური აღდგენა, ხელს უშლიდა ბიუროკრატიული და იდეოლოგიური უთანხმოება საგარეო პოლიტიკის მსაზღვრელ ელიტაში. ეს კონფლიქტები ქმნიდა ურთიერთსაწინააღმდეგო სტრატეგიებს იტალიის მიმართ;  უფრო მეტიც, აყალიბებდა პოლიტიკას, რომელსაც არ გააჩნდა საკმარისი ფინანსური ბერკეტები აშშ-ს გავლენის მდგრადი და ეფექტური ფორმირებისთვის. ეს, არსებითად ამერიკული პრობლემები, არ გამქრალა 1948 წლის გაზაფხულზე. კონგრესმა აიძულა სახელმწიფო დეპარტამენტი, უარი ეთქვა თავისი იდეის (გეგმის), ERP-ის კონტროლზე, ეკონომიკური კოოპერაციის ადმინისტრაციის (the Economic Cooperation Administration) ახალ, სპეციალურად შექმნილ სააგენტოზე. ამ არსებული (და განგრძობადი) სირთულეების მიუხედავად, 1948 წლის შუაში, ამერიკის პრეზიდენტმა (the American executive) მიაღწია უმაგალითო შიდა თანხმობას, დაფუძნებულს, ანტიკომუნიზმისა და მასიური უცხოური დახმარების ორმაგ პრინციპზე. ადრეული დღეების The New Deal-მა და Hullian idealism-მა ადგილი დაუთმო აშშ-ს შესაძლებლობებისა და ევროპული საჭიროებების უფრო ფხიზელ შეფასებას. ამავდროულად, ტრუმენის ადმინისტრაციის მიერ დაუცხრომელი საზოგადოებრივი კამპანიის წყალობით, აშშ-ს კონგრესმა და ხალხმა დაამტკიცა წარმოუდგენელი და არაჩვეულებრივი, ევროპის ეკონომიკური აღორძინების ფინანსური ვალდებულება. 1948-49 წლები, საგარეო პოლიტიკის ორპარტიული დიდი შუადღით (ანუ, ზეპარტიულობის გაფურჩქვნით) აღინიშნა.

აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით, რაც ხმელთაშუა ზღვის აუზის ჩართვის მიზნით, ახლად იქნა განსზაღვრული, ამერიკის იტალიურმა პოლიტიკამ უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიპოვა (Ibidem, pp. 159-168).

უნდა აღინიშნოს, რომ ,,ცივი ომის“ პოლიტიკურ სისტემას გააჩნდა ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა. იტალიის საგარეო პოლიტიკა აღარ იყო ავანტურისტული. დე გასპერის მოუწია მიეღო 1947 წლის პარიზის მკაცრი ხელშეკრულების (The Paris treaty) პირობები, რის საფუძველზეც იტალია უარს ამბობდა ყველა აფრიკულ კოლონიაზე და საფრანგეთს გადასცემდა ალპების (Alpine) ზოგიერთ ტერიტორიას, ხოლო საბერძნეთს - დოდეკანის კუნძულებს (Dodecanese islands). მხოლოდ ამის შემდეგ, იტალია შეუერთდა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (the North Atlantic Treaty Organization (NATO)) და გახდა ჩრდილოური ალიანსის რესპექტაბელური წევრი. არსებითად, აშშ უზრუნველყოფდა იტალიის პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. იტალია, ასევე, შეუერთდა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპულ თანამეგობრობას (the European Coal and Steel Community, 1952 წელი) და 1957 წელს გახდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის (the European Economic Community EEC; მოგვიანებით - ევროპის კავშირი/the European Union) ერთ-ერთი დამფუძნებლი. 

პარიზის ხელშეკრულებამ გადაუწყვეტელი დატოვა ყველაზე რთული და ძნელი ტერიტორიული საკითხი, რაც შეეხებოდა ტრიესტს (Trieste). 1945 წელს, იუგოსლავიის არმიამ ქალაქი და მისი შემოგარენი მოსწყვიტა გერმანელებს (რომელიც დასახლებული იყო როგორც იტალიელებისგან, ისე სლოვენიელთაგან) და მასზე პრეტენზია განაცხადა იუგოსლავიამ (და ეს რეგიონი შემოიერთა). რის შემდეგაც, მყისიერად იწყო მასშტაბური წმენდა, რა დროსაც ათასობით იტალიელი იქნა მოკლული, ხოლო შემდეგ, ღრმა ხაროებში ჩაყრილი. პარიზის ხელშეკრულებამ რეგიონი გაყო ორ ზონად: პირველს წარმოადგენდა, მათ შორის უპირატესად იტალიურენოვანი ქალაქი ტრიესტი, მართული დასავლელი მოკავშირეების მიერ, ხოლო მეორეს - იუგოსლავია. გაყოფილი რეგიონი გახდა ცივი ომის დაძაბულობის ცენტრი. 1954 წელს, ქალაქი ტრიესტი და მისი ვიწრო სანაპირო ზოლის ჩრდილოეთ ნაწილი პირდაპირ შევიდა იტალიის მართვა-გამგეობაში, მაშინ როდესაც რეგიონის დანარჩენი ნაწილი გადაეცა იუგოსლავიას [9].

ფაშიზმის დაშლის შემდეგ, იტალია დიდად იყო პოლიტიკურად დამოკიდებული  და გაყოფილი დემოკრატიის სურვილსა და სამხრეთიდან მონარქიის აღდგენის მისწრაფებებს შორის. უკვე 1944 წელს, აშშ-ის მულტილატერალიზმის ფილოსოფიის გათვალისწინებით, იტალიაში, ეკონომიკური კუთხით გაუქმდა პროტექციონიზმი. ეს ნიშნავდა, რომ უცხოელი მომწოდებლები მეტად აღარ განიცდიდნენ ზარალს (და აღარ იქნებოდნენ დაუცველნი) იტალიის სახელმწიფოს მხრიდან. გასული საუკუნის 50-იანი წლებში, საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა, როდესაც ომით მიღებული უდიდესი ზარალი აღმოიფხვრა და შესაძლებელი გახდა მშენებლობის წლებზე გადასვლა. ამასთან, 1955 წელს იტალიის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრად აღიარება და 1957 წელს მისი, როგორც ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის/საზოგადოების (die Europäische Wirtschaftsgemeinschaft (EWG)/la Communauté économique européenne (CEE) /the European Economic Community (EEC) / la Comunidad Económica Europea (CEE) /La Comunità economica europea (CEE)) ექვსი დამფუძნებელი სახელმწიფოდან ერთ-ერთის როლი იყო, აგრეთვე, გადამწყვეტი, შემდგომი იტალიური ეკონომიკური სასაწაულის (il miracolo economico italiano) მიღწევის საქმეში.

ხელმომწერი ქვეყნების მხრიდან, EWG-ის ამოცანების სახით ხელშეკრულების პრეამბულასა და მე-2 მუხლში განისაზღვრა „ევროპელი ხალხის უფრო მჭიდრო კავშირის საფუძვლების შექმნა“ და „საერთო ბაზრის ფორმირებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანდათანობითი დაახლოების გზით, ... წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური ცხოვრების ჰარმონიული განვითარებისა და სახელმწიფოთაშორისი მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობა, თანამეგობრობაში გაერთიანებულ ქვეყნების ფარგლებში“. უმაღლეს მიზანს წარმოადგენდა (დასავლეთ) ევროპის ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური გაერთიანება; ამ მიზნის მიღწევა უნდა მომხდარიყო უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მეშვეობით, საერთო ბაზრის შექმნის გზით [10].

დასავლეთ ევროპასთან ამგვარმა კავშირმა და აღმოსავლეთ ბლოკის კომუნისტური ქვეყნების იდეოლოგიისგან დისტანცირებამ, 1953 წელს, ENI- ს (Ente Nazionale Idrocarburi) დაარსებამ, კონკრეტული ცვლილებები მოიტანა, რადგან ეს სახელმწიფო საზოგადოება (კომპანია) იყო მეთანის საბადოების მთავარი მომხმარებელი, ხოლო მისმა დამაარსებელმა ენრიკო მატეიმ (Enrico Mattei) მნიშვნელოვანი კონტრაქტები გააფორმა ლიბიასთან და ირანთან ნავთობის მომარაგების თაობაზე. [11.]  შესაბამისად, ქვეყანა სულ უფრო გააქტიურდა ნავთობის დაზვერვისა და მოპოვება-გადამუშავების (ინჟინერიის) მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში (ecce,[9]). ასევე იყო ძალიან სასარგებლო, ნახშირწყალბადის აღმოჩენები ვალ პადანაში (Val Padana), რამაც ფორმირებადი ინდუსტრიის სტიმულირება მოახდინა.

IRI (Instituto per la Ricostruzione Industriale), რომელიც დაფუძნდა 1933 წელს, ზრუნავდა ფოლადის თანამედროვე ინდუსტრიის განხორციელებაზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ უზრუნველყო ფინანსური მხარდაჭერა ფულადი სესხებით და, უპირველეს ყოვლისა, მარშალის გეგმის მომსახურებიდან (1.6 მილიარდი აშშ დოლარი) [12] იტალიის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზებისთვის.

მშენებლობის ამ წლებში, ეს დამოკიდებული იყო იაფ მუშახელზე, რომელიც ძირითადად სამხრეთიდან მოდიოდა და ახდენდა სამუშაო ძალის გაჯერებას. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ 1950-იანი წლების ბოლოს მეორე (წარმოება) და მესამე სექტორებში (მომსახურება) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის ხარჯზე.

სამომავლო წარმოების დაგეგმვისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების გათვალისწინებით, ასევე არსებობდა ინოვაციები ეკონომიკის განვითარებაში, რასაც განაპირობებდა (და ასტიმულირებდა) მზარდი მოთხოვნა იტალიურ პროდუქციაზე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამ პროგრესს ხელს უწყობდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო და კერძო ინვესტიციები.

დასკვნა 

იტალიის  რესპუბლიკა, მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა ეკონომიკურ წარმატებას. აშშ-ის  თავდაპირველი მხარდაჭერა, განსაკუთრებით სასურსათო საქონლით, ნავთობითა, და მარშალის გეგმით (Marshall Plan), ქვეყანას ეხმარებოდა მრეწველობის ძირითადი დარგების (მათ შორის, ფოლადის წარმოების) აღდგენაში.

დასავლეთის სამყაროს ეკონომიკასთან ჰარმონიზაციის შესაბამისად, ეინაუდი (Einaudi, presidente della Repubblica Italiana.), მენიჩელასთან (Menichella, governatore della Banca d'Italia.), სარაჩენოსა (Saraceno, un economista e accademico italiano.) და სიგლიენტისთან (Siglienti, presidente dell'IMI.) თანამშრომლობით, შეუდგა პროგრამების შემუშავება-განხორციელებას, რათა საუკეთესო ფორმით მოეხდინათ ამერიკელების მიერ მათთვის გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება წარმოების, ინვესტიციებისა და ექსპორტის აღორძინებისთვის.

1948 წლის 28 ივნისს ხელმოწერილ ბილატერალურ პროტოკოლში იტალიის მთავრობამ აიღო როგორც სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო წარმოების, ისე ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის, ქმედითი გაცვლითი კურსის დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების ვალდებულება. ლირას ფონდი (Il Fondo – Lire), რომელიც გამოიყენებოდა პროდუქტიულობის განვითარებისათვის სასარგებლო პროექტების დასაფინანსებლად, ითვალისწინებდა პერიოდულ შეთანხმებებს შეერთებული შტატების მთავრობასთან.

მთავრობამ უარი თქვა ფაშისტების დროს არსებულ კონტროლსა და ავტარკიის მცდელობაზე და ყველა პარტიისა და პროფესიული კავშირების მიერ მოწონებული იქნა 1945-1947 წლების ,,რეკონსტრუქციის“ პროგრამა. სამრეწველო წარმოების ომამდელი დონე აღდგა 1948 წლისთვის, ხოლო 1950-53 წლების კორეის ომმა (the Korean War), წარმოების ზრდისთვის უზრუნველყო დამატებითი სტიმული. იტალია სრულად ინტეგრირდა ევროპულ სავაჭრო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, რითაც მყარი საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მომავალ ეკონომიკურ სასწაულს.

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Copia archiviata, su faregliitaliani.it. URL consultato il 5 settembre 2017 (archiviato dall'url originale il 2 settembre 2017)
  2.  https://immaginidellarepubblica.it/la-ricostruzione-e-il-boom-economico/
  3.  MONTANELLI, Indro. L' ITALIA DEL MIRACOLO. (14 LUGLIO 1948-19 AGOSTO 1954). [DI] INDRO MONTANELLI, MARIO CERVI, 1987)
  4. M. Colonna, L’economia italiana nei secoli XVIII – XX, in F. Assante - M. Colonna – G. Di Taranto – G. Lo Giudice, Storia dell’economia mondiale (secc. XVIII – XX), Monduzzi, Bologna, 1995, cit., pp. 314 – 316
  5. A. Graziani, Introduzione a L’economia italiana dal 1945 a oggi, Il Mulino, Bologna, 1979, p.17; P. Saraceno, Intervista sulla ricostruzione, di L. Villari in “La questione meridionale nella ricostruzione post bellica. 1943 – 1950”, collana SVIMEZ, Giuffrè, Milano, 1980, p. 3
  6. Per i temi della ricostruzione in Italia si vedano: G. Lombardo, L’Istituto Mobiliare Italiano,cit
  7. P. Saraceno, Intervista sulla ricostruzione, cit., pp. 17 – 20
  8. John Lamberton Harper, America and the Reconstruction of Italy, 1945–1948, PP. 37-57
  9. www.britannica.com ; Italy - Italy since 1945 | Britannica
  10. Mechthild Weißer, Europäische Wirtschaftsgemeinschaft, Microsoft R  Encarta R 2006 [CD]. Microsoft Corporation 2005
  11. Wolfgang Altgeld et al (Hrsg.), Kleine italienische Geschichte, Stuttgart 2002, S. 448
  12. Wikipedia, Art. “Marshallplan”, http://de.wikipedia.org/wiki/Marshallplan (02.06.2007)